ნიაზ დიასამიძისა და მაიკო გელოვანის ოჯახი ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია — ოჯახი, სადაც ხელოვნება მხოლოდ პროფესია კი არა, ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. სწორედ ასეთ გარემოში გაიზარდა მათი უფროსი ვაჟი, თემურიკო დიასამიძე, რომელმაც საკუთარი გზა მუსიკაში იპოვა. თუმცა ეს გზა თავიდანვე წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. როგორც თავად ჰყვება, ბავშვობაში ფეხბურთელობა უნდოდა, ისევე როგორც ბევრ სხვა ბავშვს, მაგრამ საბოლოოდ ცხოვრება სხვა მიმართულებით წაიყვანა.
თემურიკოსთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ოჯახში არავინ აიძულებდა მუსიკაზე სიარულს ან მუსიკოსად ჩამოყალიბებას. მისი თქმით, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა და სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მუსიკა მისთვის საყვარელ საქმედ იქცა. ის ამბობს, რომ ბევრს იცნობს, ვისაც ბავშვობაში მუსიკას აძალებდნენ, ნიჭიც ჰქონდათ, მაგრამ ამ იძულებამ საბოლოოდ მათ მუსიკისადმი ინტერესი დააკარგვინა. თემურიკოს შემთხვევაში კი არჩევანი შინაგანი სურვილიდან მოვიდა.
მუსიკასთან პირველი სერიოზული შეხება ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. 11-12 წლის იყო, როცა ბიძაშვილთან ერთად პირველი ბენდი შექმნა. მაშინ სცენა მათი სახლი იყო, მსმენელები კი — ოჯახის წევრები. ეს პატარა „კონცერტები“ თითქოს ბავშვური თამაში ჩანდა, მაგრამ სინამდვილეში სწორედ იქ იდგმებოდა პირველი ნაბიჯები იმ გზაზე, რომელმაც თემურიკო დღეს საკუთარ მუსიკალურ სამყარომდე მიიყვანა. მოგვიანებით მას სხვა ბენდიც ჰყავდა, თუმცა სცენაზე გამოსვლამდე საქმე არ მისულა.

სანამ მუსიკას სერიოზულად მოჰკიდებდა ხელს, თემურიკო საფრანგეთში, სტრასბურგში სწავლობდა ფილოსოფიის ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი განათლების გზა მუსიკისგან თითქოს განსხვავებული მიმართულებით მიდიოდა, მუსიკა ყოველთვის გვერდით ჰქონდა. თავად ამბობს, რომ სტუდიაში გაიზარდა და სხვადასხვა ინსტრუმენტთან შეხება ბავშვობიდანვე ჰქონდა. სწორედ ამ გარემომ მისცა საშუალება, მუსიკა მხოლოდ მოსასმენად კი არა, შესაქმნელადაც შეეგრძნო.
პირველად სცენაზე დიჯეის ამპლუით გამოვიდა, შემდეგ კი საკუთარი კომპოზიციების ჩაწერაზე გადავიდა. თემურიკოს მუსიკა მარტივად ჩარჩოებში ვერ თავსდება — მას უყვარს ექსპერიმენტი, ახალი ჟღერადობა და განსხვავებული ფორმები. მის შემოქმედებაში ხშირად იგრძნობა ქართული ფოლკლორისა და ელექტრონული მუსიკის საინტერესო სინთეზი. ერთი მხრივ, ეს არის ოჯახური მუსიკალური ტრადიციის გაგრძელება, მეორე მხრივ კი — სრულიად დამოუკიდებელი და ინდივიდუალური გზა.
ორი წლის წინ თემურიკო ლონდონში იმყოფებოდა, სადაც Pointblank music school-ში ელექტრონული მუსიკისა და მუსიკის ფროდაქშენის მიმართულებით სწავლობდა. ეს გამოცდილება მისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა. დღეს მისი ერთ-ერთი მიზანია, საკუთარი მუსიკა უფრო ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს და საზღვარგარეთაც გააცნოს მსმენელს.

თემურიკო ღიად ამბობს, რომ პროფესიაში შეცდომები გარდაუვალია. მისი აზრით, შეცდომა არა მარცხი, არამედ განვითარების ნაწილია. სწორედ ამ დამოკიდებულებაში ჩანს მისი მთავარი ძალა — არ ეშინია ძიების, ექსპერიმენტის და იმ გზის, რომელიც ყოველთვის მარტივი არ არის. პატარა საოჯახო კონცერტებიდან ლონდონში მიღებულ მუსიკალურ გამოცდილებამდე, თემურიკო დიასამიძის ისტორია იმაზეა, როგორ შეიძლება ბავშვობის ბუნებრივი გატაცება ნელ-ნელა ნამდვილ პროფესიად, მიზნად და საკუთარი ხმის ძიებად იქცეს.