თაკო ჩხეიძე — ქალი, რომლის სახელსაც ქართულ მოდის ინდუსტრიაში წლებია განსაკუთრებული ადგილი უკავია. ცნობილი მოდელი და სააგენტო „ჯეომოდელსის“ დამფუძნებელი გამომწერების შეკითხვებს პასუხობს და გვიზიარებს თავის სილამაზის რუტინას, საყვარელ პროცედურებს და მთავარ საიდუმლოს, რომლის გამოც მისი სახე მუდამ ნათელი და ახალგაზრდულია.

მისი „ოქროს წესი“ მარტივია — „არასოდეს ვიძინებ მაკიაჟით.“ ეს წესი, როგორც ამბობს, უკვე ჩვევად გადაექცა და კანის სისუფთავე და ჯანმრთელობა სწორედ აქედან იწყება.
ზამთრის სეზონისთვის თაკო კანს განსაკუთრებულად უვლის: პილინგი, ბიორევიტალიზაცია და ინტენსიური დატენიანება — ეს სამი ეტაპი მისი ზამთრის სილამაზის ფორმულაა.

რაც შეეხება ნაოჭებსა და ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს, თაკო ამბობს:
„კანს ვუვლი ინდივიდუალურად შერჩეული რუტინით დილით და საღამოს. კარგი ძილი, სუფთა კანი და რეგულარული პროცედურები ჩემთვის აუცილებელია. ჰაიდრა ფეშელი, ბიორევიტალიზაცია, ბოტოქსი და ბუკალური მასაჟი — ჩემი ფავორიტებია.“

თაკო ჩხეიძის წარმატების ისტორია შთაგონების წყაროა — მან სამოდელო კარიერა მხოლოდ 14 წლის ასაკში დაიწყო და მალევე დაიპყრო საერთაშორისო მოდის სამყაროს ყურადღება. დღეს კი იგი ქართული მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, რომელიც არამხოლოდ სილამაზით, არამედ გემოვნებითა და შრომისმოყვარეობითაც გამოირჩევა.
მისი მთავარი გზავნილი მარტივია — სილამაზე იწყება პასუხისმგებლობით საკუთარი თავის წინაშე.